შენი ცრემლების შესაჩერებლად, შვილო!
ამ გზას შენ გამო დავადექით. იმისათვის, რომ შენი ტკივილი გავიზიაროთ, ტანჯვა შეგიმსუბუქოთ, გული დაგიწყნაროთ... ნუ გაგვინაწყენდები! ~არ ავჩქარდით~; დროულად ვერ მოგეშველეთ. მაგრამ გჯეროდეს, ჩვენ გულით იაკობის ოხვრასა და გოდებას, სულით კი ზულეიჰას სატრფოსთან განშორებას დავატარებდით.
ამ ორად მოხრილი სხეულის, დახრილი თავისა და ნაღვლიანი თვალების დანახვაზე გული მეკუმშებოდა, მეც ქედს ვიხრიდი და თვალები ცრემლით მევსებოდა. თუმცა მსურდა, ყოველი ამოძახილისთვის შენი სიმღერის ჰანგი დამერთო და შენთვის მემღერა, კვნესა სულს მიწვავდა, შენი დარდი თვალს არ სცილდებოდა, გული მეთუთქებოდა...
ამავე დროს შენთვის ხელის გაწოდებაც მერიდება... მრცხვენია ეკლესიის მამებივით შენ წინაშე ნაძალადევი თანაგრძნობით წარდგომა. რადგან შენ ჩემს თვალწინ მოგატყუეს. კულულები აგიწეწეს და ასეთ დღეში ჩაგაგდეს. ვხედავდი, როგორ გიბნევდნენ ტვინს, როგორ გიჭამდნენ გულს, ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ვერ გამოგიწოდე ჩემი ცოდვილი ხელი... ვერ გამოგიწოდე, შენი კვნესის მიუხედავად... შენი ბედი ფაუსტის ბედია, მაგრამ ვინ არის შენი მეფისტოფელი? ვინ მიგიჩნია ამის ღირსად?..
ანდო ქვეყანაში იყავი. თბილი ბუდე გქონდა. სამსახურიც გქონდა და სარჩო-საბადებელი არ გაკლდა. შემდეგ კი ამ ჯოჯოხეთში მოხვედი და ძალიან ინანე. მაგრამ არ შეგეძლო, არ მოსულიყავი. მოხვედი და შენს ირგვლივ ყველაფერი დაცარიელდა. მარტო დარჩი. ოხვრა და გოდება მხოლოდ შენ გესმოდა.
ვინც შენკენ მოიჩქაროდა, მხოლოდ შენი სურვილებისკენ მოიჩქაროდა. ზუსტად იმ დროს აღმოგხდა შემაძრწუნებელი კივილი. სწორედ მაშინ მიგატოვეს. თანაც მაშინ, როდესაც შენ “ყველაზე საყვარელი” იყავი. შენ სხვის ხელში, სხვის უბეში, ვარდივით სხვის მკერდზე, სხვის ბაგეზე იყავი, სხვისი ნეტარებისა და გართობისთვის. მაგრამ მათგან, რაც შენთვის კეთდებოდა, შეუძლებელია იპოვო ის, რაც შენ გეკუთვნის. უცხო, მარტო და უპატრონო იყავი.
გუშინდელმა დღემ დღევანდელი შვა, და დღევანდელი გაურკვეველ ხვალეს გიმზადებს. გზის გასაყარზე დგახარ, შვილო!
ახლა კი ნება დამრთე, რომ ამ უბედურებაში შენი მხსნელი გავხდე, შენთვის ბუკს დავკრა, ჩემი ძახილი შენს სულს გავაგონო. ამ დელგმასა და ხანძარში დროულად რომ ვერ მოგეშველე, შენ წინაშე მუხლი მოვიყარო და ყველა დამნაშავის სახელით ბოდიში მოგიხადო: შვილო, მიუტევე ყველას, ვინც საკუთარი სიამოვნებისთვის შენი არსებობის მიზეზი გახდა, ვინც ხორცს დახარბდა და სული დაივიწყა, წარმავალი ამოსუნთქვისთვის მარადისობა გაანადურა, ვინც შენი სული დაასნეულა და შენ სიღატაკისთვის გაგწირა.!
- შეიქმნა - ზე.