ადამიანი, რომელიც გვენატრება
მრავალი წელია მხსნელი გვენატრება; კაცი, რომელიც იარას დაგვიამებს და დარდს სალბუნად დაედება. მით უმეტეს, ახლა, ამ წყვდიადით მოცულ დროში, როდესაც გზა-კვალი არეული გვაქვს, იგი ჩვენთვის ჰაერად და სინათლედ, უკვდავების წყაროდ იქცა. მასთან შეხვედრის იმედის დაკარგვის ზღვარზეც რომ მივიდეთ, ისევ და ისევ მას, “სანატრელს” დავეძებთ და მის შესახებ ვკითხავთ ყველას.
სასოწარკვეთილი დიოგენე თავის თანამედროვეებს შორის ადამიანს ეძებდა. არ ვიცი, არის თუ არა ჩვენი საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ეს მწარე სიმართლე აღიაროს. ჩვენ, როგორც ერი, ერთი რამისადმი ვართ მოწყურებული და სწორედ ის გვჭირდება; ჩვენ გვჭირდება მხსნელი, რომელიც გულში ჩაგვიკრავს, ტკივილს დაგვიცხრობს და ბოროტი ვნებებისგან გვიხსნის. სინამდვილეში, წარსულიდან დღემდე გადატანილი ტანჯვის უკან სწორედ ეს უშედეგო ძიება დგას. უშედეგო ძიება ადამიანისა, რომელიც სხვისი კეთილდღეობისთვის საკუთარს ივიწყებს, რომლის თავი უმაღლესი მწვერვალებივით დანისლულია, მკერდი მოთუხთუხე ლავასავით უვარვარებს, უშედეგო ძიება “მოწამისა”.
რამდენი ასეთი ადამიანის დასახელება შეგიძლიათ ჩვენი ახლო წარსულიდან? რამდენი კაცია, ვინც ქმნილების საიდუმლოს ჩასწვდა, შემოქმედის უდიდესი მოვალეობა შეიმეცნა?
დიახ, ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, უპირველეს ყოვლისა, კეთილგონიერი და ზნემაღალია. ეს არის ჭეშმარიტების მღაღადებელი. იგი ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ყოველ წამს აწყდება, ყველა ქმნილებას უსვამს კითხვას და პასუხის მიღებას მარადისობისგან ცდილობს, ეს არის სამოთხეთა დამპყრობელი და ჭეშმარიტების მღაღადებელი...
ჭეშმარიტების დამცველი, რომელიც მიუყვება ილია წინასწარმეტყველის გზას და ეძიებს ჭეშმარიტებას, როგორც უკვდავების წყალს, და, სადაც მას იპოვის, დაეწაფება და უკვდავებას ეზიარება; შემდეგ კი თავის სულში წარმოქმნილი ცოდნის ფიჭაში რწმენისა და სიყვარულის სამყაროს შექმნის; სხვებისთვის ღვთისმსახური, სულით წმინდანი, საგნებისა და ბუნების იდუმალების ენის მცოდნე, სინდისისა და სულის განმმარტებელი, სამოთხეთა დამპყრობელი, რომელსაც შეუძლია წარმოსახვის სამყაროსა და ნებისყოფის დამარცხება...
თავხედები, რომელთაც არ აღელვებთ ჭეშმარიტება, უბადრუკები, რომელთაც არ წაუკითხავთ სამყაროს წიგნი, უვიცები, რომელთაც არაფერი სმენიათ სულიერი სამყაროს სიღრმეებისა და ნებისყოფის იდეალის შესახებ, ვერასდროს დაიკავებენ იმ კაცის ადგილს, ვისაც ჩვენ ვნატრობთ. თუმცა სხვადასხვა ეპოქაში ჩვენ წინაშე უამრავი თვალთმაქცი წარმდგარა, თვითმარქვია მსახიობი, რომელსაც სცენაზე დარჩენილი სიცარიელით უსარგებლია და ჩვენთვის დაუცინია. მაგრამ ვერასდროს დაუდგამს ჩვენს გულში ტახტი და ვერც ის კეთილგანწყობა მოუპოვებია, რომლითაც ჩვენ ჩვენთვის სანატრელს შევხვდებით.
მზად ვართ გულის კარი გავუღოთ მას, ვინც მეცნიერული წარმოსახვისა და სულის საუნჯე იპოვა, ანგელოზთა დასამდე ამაღლდა, მის არსს შეერწყა; ნამცეცი იყო და მზედ გადაქცევა შეძლო, წვეთი იყო და ზღვად იქცა; ნაწილი იყო და მთელი გახდა; მოაზროვნე, რომელმაც თავი დააღწია ცნობიერებასა და საგნებს შორის არსებულ უთანხმოებას; ვინც წაიკითხა და გაიგო; ვინც რწმენით ამაღლების საიდუმლო ამოხსნა და თავის გულში სულიერების ნეტარება და სამოთხე დააბინავა...
ველით მას, ვისაც სული ამაღლებული იდეებით აქვს სავსე, იგი ერთდროულად ღმერთთანაც არის და ხალხთანაც. მის ყოველ ქმედებაში გულწრფელობა, ყოველ სიმღერაში ხალხის კვნესაა.
მასში ვერ ნახავთ გრძნობებზე გაბატონებულ ამპარტავნებას, წარმატების სიამაყეს, გამარჯვების ყიჟინას. მაშინ, როდესაც იგი მწვერვალამდე მაღლდება და უდიდეს წარმატებას აღწევს, მისი გრძობები წრფელია.
მის თვალსაწიერს ვერასდროს შებღალავს პირადი გამორჩენა ან ჯგუფის ინტერესი. მის მზერას ვერასდროს დაბინდავს სიძულვილი და ზიზღი. ამ ბრძენის აზროვნებაში სიყვარული, მიტევება და მოთმინება ყველაზე მაღალ იდეალს წარმოადგენს.
ხოლო ის, ვისაც სურს კაცობრიობას აღქმული ნეტარება სისხლითა და ბალღამით მოუტანოს, უმწიფარი არარაობაა, რომელიც ოთხი წმინდა წიგნის მიერ უარყოფილ გზას ადგას.
ნეტავ ჩვენ, ადამიანებს, შეგვძლებოდა ამ ინტელექტუალი ჯუჯების თვალთმაქცობის გაგება. ალბათ, მაშინ ამ აბეზარებს შევუძახებდით, გზიდან ჩამოგვეცალეო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ საკმაოდ ძალიან შორს ვართ ამ ჭეშმარიტებისგან.
- შეიქმნა - ზე.