ახალგაზრდობა
“შენია მომავალი, შენია ეს განახლება, ეს გარდაქმნა... განა ყველაფერი შენ არ გეკუთვნის, შენ, ახალგაზრდობავ!...” (თ. ფიქრეთი)
თაობის გაცნობა, მის წინაშე ვალის მოხდა, მისგან სამაგიეროს მიღება და ამავე დროს მიჯნის დადგენა, უეჭველია, ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. უმთავრესი კი ის არის, რომ ყველა სახის ცვლილებას სწორედ თაობა აძლევს ელფერს, მისით იწყება სხვადასხვა დრო და ეპოქა.
რომი მისია, რომში ამბოხიც მისია, საბერძნეთიც, ელინიზმიც მას ეკუთვნის. მიწა მას ელოდება, ზეცა მის ქუხილს უსმენს. “სამყაროს შვიდი საოცრება” იმ დიდებული ძეგლის კვარცხლბეკია. მთვარე – მშვილდივით წარბები; ვარსკვლავები – ღიმილი მის ბაგეზე... ამას გაზვიადებად ნუ მიიჩნევთ; მართლაც, მის გენიას ათასგვარი სიმღერითაც ვერ აღვწერთ.
“გაზაფხულის სუნთქვამ სული შთაბერა და თვალი აუხილა საუკუნო ძილით გაბრუებულ ყვავილებს,” - უთქვამს ბაქის; იგი გაზაფხულს უცქერდა და რომ შეძლებოდა, მზერა გაზაფხულიდან იმისკენ მიემართა, ვინც გაზაფხულით სუნთქავს, ვინ იცის, რამდენ მაცოცხლებელ სიტყვას იტყოდა.
უვიცთა აზრით, ის ცელქი და ფუქსავატია, ანარქიის მომხრეთათვის კი განადგურების ელემენტი... ჩვენი აზრით, იგი შეუცნობი არსებაა... თავისი ბუნებით ანცი, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, მომაკვდინებელი შხამი, კარგად აღზრდილი, ნამდვილი არისტოკრატია... დიახ, თუ კარგ ნიადაგს იპოვის, ყველა უბედურების მძლეველი გმირია. ჟინის მორევში ჩავარდნილი, გულისთქმის მონაა; ყველა მისკენ ისვრის ანკესს, ყველას მისი ხელში ჩაგდება უნდა; თუ მას დაეპატრონები, იგი შენთვის სიხარულის ელემენტად იქცევა. თუ ღია კარის პოლიტიკას გაატარებ, უანგარო ძღვენია... თუ მის სულს მხოლოდ აბსტრაქციით აავსებ, მეოცნებე იქნება, თუ კონკრეტულს დაუკავშირებ, ტოტემისტს მიიღებ. თუ ცხოველური ვნებებს ჩამოაშორებ, სხვა არსებად იქცევა. თუ ნებაზე მიუშვებ, მისი პიროვნება დადნება და გაქრება.
იმის მიხედვით, როგორ მოექცევი, იგი მწვერვალებს მიაღწევს: “ვინც ალაჰის სიყვარულს დაეწაფება, მაშინვე მის გულს სამყაროს სინათლე მოეფინება და მას მიანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს” (გედაი).
თუ მიატოვებ, ასეთი ფიქრებით წაიბილწება: “ალაჰის სიყვარულს დაეწაფე, გიყვარდეს, თუ ჭკუა და გონება გაქვს, რად გენაღვლება, ამ სამყაროს ყოფნა-არყოფნა.”
არაფრით არ შეიძლება ამ პოტენციალის უგულებელყოფა. თუმცა ასეც ხდება. ამ დროში იგი ყველაზე დიდ ტკივილად იქცა – კუჭის კიბოდ და თვალზე კატარაქტად... მისი ჰუმანურობა თვალთმაქცობაა, მისი თანაგრძნობა - სიყალბე; მონდომება და გამბედაობა – ხალხის ცდუნება; სიმამაცე – ჟონგლიორობა; ადამიანთან ნაჯვარი ვამპირია, არქიტექტორის ხელში სამოთხის სავანის დახვეწილი სულთანი, სამყაროს ულამაზესი სული, მისდამი მიპყრობილია ღვთიური მზერა... მას სურს, რომ არქიტექტორმა ხელი გაუწოდოს. თუ ეს ხელი შეძლებს უვიცი ბიჭი სასახლის აღად აქციოს, იგი გაიგებს, რა არის მისთვის შესაფერისი და ეცდება, არასდროს ჩააგდონ ქვესნკელში.
ის ჩვენგან მფარველობასა და გაგებას ელის. ჩვენ კი მისგან გონებისა და გულის ერთობას. ის თავის სულში ჩარჩენილი ნევროზების გამოცდილ მკურნალს ელის; ჩვენ კი მის გონებაში დაბუდებული სისულელეების წამალს. როცა იგი განწირული ხმით საშველად მოგვიხმობს და ხანძრის ჩაქრობას გვთხოვს, “ნება მოგვეცი, ეს ხანძარი ოფლით ჩავაქროთო,” - ვპასუხობთ ჩვენ. თუ ენა არ ამბობს, გული ჩურჩულებს.
შენ, სხვისი კეთილდღეობისთვის საკუთარის დამთმობელო გმირო, თუ მეორედ მოსვლის დასრულებას არ ელი, მოდი და დაეხმარე ეშმაკის ცეცხლში ჩანთქმულ ახალგაზრდობას ისევე, როგორც ჰერაკლესა და პრომეთეს დასახმარებლად მიიჩქაროდი!
- შეიქმნა - ზე.