მეცნიერება

თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერებამ არნახულ დონესა და სიჩქარეს მიაღწია და ჩვენი ეპოქა სიურპრიზების ეპოქად იქცა. შეიძლება ითქვას, უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ახალი აღმოჩენების რაოდენობა, რომელიც მეცნიერებამ კაცობრიობას აჩუქა, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად გასულ ეპოქებში. დღე არ გაივლის ისე, რომ ძალზე ფართო არეალში მიკროსამყაროდან მაკროსამყარომდე ახალი აღმოჩენების შესახებ არ გავიგოთ და ცხოვრებასთან დაკავშირებულ უამრავ საიდუმლოს არ აეხადოს ფარდა. თითქმის ყოველდღე ჟურნალ-გაზეთებიდან მსოფლიოს ყველა კუთხეში ვიგებთ ურიცხვი ახალი აღმოჩენების შესახებ ატომთა სამყაროდან ღრუბლებამდე, ცხოველთა სამყაროდან ადამიანის ორგანიზმამდე, ტექნოლოგიასა და ელექტრონიკიდან ლაზერამდე, ეს აღმოჩენები კი ხან გვახარებს, ხანაც გვაშინებს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია, რომელიც ასეთი სისწრაფითა და ტემპით ვითარდება, უახლოეს მომავალში ისეთ აღმოჩენებს წარმოგვიდგენს, რომელიც შეძლებს ზეგავლენა მოახდინოს წარმოსახვაზე, აზროვნებასა და მეცნიერების გაგებაზე. თუ თვალს გადავავლებთ ახლო წარსულს, დავინახავთ, რომ უამრავი რამ შეიცვალა გუშინდელიდან დღემდე.  გალილეოსეულმა სივრცის აღქმამ და ნიუტონის ზოგადი მიზიდულობის კანონმა “რელატივიზმს” დაუთმო ადგილი და დღეს თითოეული მათგანი ცალკეულ თეორიად გვევლინება. კარგა ხანია ეჭვით უყურებენ შეხედულებას, რომ ყველაფრის საფუძველს წარმოადგენს მატერია. დღეს ვხედავთ, რომ მატერიის მიღმა არსებული საკითხები მკვლევართათვის პერსპექტიულ თემას წარმოადგენს. ისე ჩანს, რომ ახლო მომავალში მატერიის მსგავსად ანტიმატერია და ატომის მსგავსად ანტიატომიც სამეცნიერო წრეების ერთობლივი კვლევის საგანი გახდება და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ფიზიკა განიხილავდა, აუცილებლად მეტაფიზიკაზეც ისაუბრებენ.

მეცნიერება დაკავებულია საკითხებით, რომელსაც ჩვენ გრძნობის ორგანოებით აღვიქვამთ; ხოლო სხვა ჭეშმარიტების განმარტებას გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებული შედეგების მეშვეობით ცდილობს. მეცნიერების სტრუქტურაში ადგილი ვერ დაეთმობა ისეთ ინფორმაციას, რომელთა გრძნობის ორგანოებით აღქმა და სისწორის დამტკიცება შეუძლებელია, მანამ, სანამ მისი ჭეშმარიტება არ დამტკიცდება მეცნიერული მეთოდოლოგიით. მაგალითად, ყველასათვის უეჭველ ჭეშმარიტებას წარმოადგენს თვალით დანახულ საგანთა თვისებები, ისევე როგორც გაგონილი, ან შეხებით და სხვა გრძნობის ორგანოების მეშვეობით აღქმული საგნები... ხოლო გრძნობათა ორგანოებით ვერ აღვიქვამთ “მაგნიტურ” და “ელეტრონულ” ველებს და მათი არსებობის დამტკიცებას კომპასისა და სხვა მსგავსი ხელსაწყოებით ვცდილობთ. დღეს მეცნიერებას მხოლოდ ასეთი რამეების დამტკიცება შეუძლია თავისი ხელსაწყოებითა და საშუალებებით და არ შეუძლია გასცდეს “ელექტრულ”, “მაგნიტურ” და “მასა-მიზიდულობის” არეალს. როდესაც აღმოაჩენენ ხელსაწყოებსა და საშუალებებს, რომელის მეშვეობითაც მეცნიერება შეძლებს დაამტკიცოს აღნიშნული სფეროების არსებობა, მაშინ ეს საკითხებიც მეცნიერული კვლევის საგნად იქცევა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს იმის მტკიცება, რომ მეცნიერება შეისწავლის ყველაფერს, შეცდომაა, ე.ი. ჩვენ სრულად ვერ აღვიქვამთ იმას, რასაც მეცნიერება წარმოგვიდგენს. მართლაც, თუ თვალს გადავავლებთ მეცნიერების აღმოჩენებს, დავრწმუნდებით, რომ ის, რაც ვიცით “არაფერია” იმასთან შედარებით, რაც ჯერ არ ვიცით. ამის საწინააღმდეგოს მტკიცება, ერთი მხრივ, რეალობის უარყოფას, მეორე მხრივ კი, უნებისყოფობასა და მოუნდომებლობას, ანუ არსებულით დაკმაყოფილებას ნიშნავს. ყოველ ეპოქაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მეცნერების არსებული დონე წარმოადგენს საბოლოო ზღვარს, რომელსაც შეიძლება მეცნიერებამ მიაღწიოს, და ასეთი აზროვნებით ისინი ახშობდნენ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.

შესაბამისად, იმისათვის, რომ გამოვასწოროთ შეცდომები, აუცილებელია კრიტიკულად შევხედოთ და ახალი აღმოჩენების გათვალისწინებით ხელახლა განვიხილოთ ყველაფერი, რაც უკვე ვიცით.

დიახ, აუცილებელია ხელახლა გადაიხედოს და თანამედროვე მეთოდებით გაანალიზდეს ცისა და დედამიწის ზოგადი მდგომარეობა და მათი ერთმანეთთან კავშირი, დღისა და ღამის რეგულარული მონაცვლეობა, სულიერ და უსულო საგანთა სპეციფიკა; ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმების მოქმედება, ფუნქცია, მიზანი და მიმართულება; და ბოლოს, მიწა და წყალი, მათი ერთობლიობა და კავშირი ცოცხალ ორგანიზმებთან. მხოლოდ ასეთი სახით არის შესაძლებელი ხელახლა გადაიხედოს შეხედულებები, რომელიც ვერ დამტკიცდება მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიით, კანონები, რომელიც საფუძვლად დაედო მცდარ მტკიცებულებებს და გამოსწორდეს შეცდომები.

ნებისმიერი მეცნიერისთვის დადგენილი წესის შესაბამისად კვლევა მეცნიერების პატივისცემას ნიშნავს. ისინი, ვინც ამბობენ მეცნიერებას ვქმნიო და მეცნიერების ბუდეებს აკავებენ ჰიპოთეზებით, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია, ხალხს ატყუებენ და მეცნიერებით ერთობიან.

აი, მეცნიერული კვლევის ყველაზე მარტივი წესი: უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება კონკრეტული კვლევის საგანი; შემდეგ ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა კვლევის გადახედვა, შემდეგ უკვე შეკრებილი და შეფასებული ინფორმაციისგან მიღებული შედეგების დადგენა; იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, სწორია თუ არა აღნიშნული ცდების შედეგები, აუცილებელია ახალი ექსპერიმენტების ჩატარება; და თუ  დადგინდა, რომ არ მართლდება ამ ექსპერიმენტების შედეგად  მიღებული თეორია, ყველაფერს თავიდან იწყებენ და სხვა სახის კვლევებს ატარებენ; თავს უყრიან ძველ და ახალ ინფორმაციას და ამის გათვალისწინებით ახალ სახეს აძლევენ თეორიას. ამგვარად ხდება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების აღრიცხვა; შემდეგ კი იკვლევენ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ჭეშმარიტების განზოგადება და მისი დამტკიცებულ პრინციპად ქცევა; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განზოგადება შესაძლებელია, ხდება მის მსგავს შემთხვევებთან კავშირის დადგენა და შეფასება.

ეს წესი თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის მისაღებია და მეცნიერული მტკიცებულებებისთვის კვლევის “ობიექტურ” წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ასეთი წესის გარეშე ჩატარებული კვლევის შედეგი სწორია, და საწინააღმდეგოს უარყოფა, რა თქმა უნდა, არამეცნიერულია. ეჭვსა და ვარაუდზე დაფუძნებული მტკიცებულებები მხოლოდ ცალკეულ თეორიას წარმოადგენს და ასეთ თეორიებზე დაყრდნობით მიღებული ზოგადი მტკიცებულებები მხოლოდ თვალთმაქცობაა. შეუძლებელია მიაღწიო მეცნიერულ ჭეშმარიტებას ასეთი სახის ვარაუდებით, ისევე, როგორც შეუძლებელია უარყო მეცნიერულ საფუძველზე დატკიცებული ჭეშმარიტება.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.