ადამიანის ამაღლება
“შენი არსება ანგელოზებზე აღმატებულია, შენ იტევ წუთისოფელს, შენშია თავმოყრილი მთელი სამყარო”. (მ. აქიფი)
ადამიანი ფილოსოფიური და მეცნიერული აზროვნების ძირითადი საკითხია. ადამიანის გარეშე არც ფილოსოფია არსებობს და არც მეცნიერება. ის არის ფიზიკისა და მეტაფიზიკის თემა და ადამიანის გარდა ყველაფრის ფასი და წონა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად უკავშირდება იგი ადამიანს.
სხვადასხვა მეცნიერება მის ირგვლივ იყრის თავს და მის სხვადასხვა მხარეზე მსჯელობს, მის ირგვლივ ტრიალებს და ირგვლივ ნათელს ფენს.
მისი სხეულის ფორმა და ფუნქციები უნაკლოდ არის განსაზღვრული და წარმოუდგენლად იდეალური აგებულება აქვს, შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ამ ქმნილების ნებისმიერი ორგანოს ანატომიით.
შინაგანი სამყაროს სიღრმე და მუდმივი ფორმირების უნარი... კომპლექსურად ტვინსა და მატერიალურ განზომილებებში არსებული სული, რომელიც წამოადგენს მღვრიე არსს; შემდეგ კი ამ ორი იდუმალი ქმნილების სრულიად ჰარმონიული კავშირი... თითოეული მათგანი იმ დიდებული ქმნილების გვირგვინზე კრისტალებად ქცეული გაბრწყინებული არსია.
ჩვენ ამჯერად არ შევეხებით არც ამ დიდებულ გარეგნობას, არც მის ნიჭსა და უნარს, რომლის შემჩნევაც მხოლოდ ამ პრიზმაშია შესაძლებელი.
მთლიანობაში ადამიანი არის არსება, რომლის გაგებაც ძალზე ძნელია. მისი უცნაურობა ამქვეყნად მოვლენისთანავე იწყება და გრძელდება. ნებისმიერი სულიერი, გარდა ადამიანისა, ყველაზე სრულყოფილი ინსტინქტებით იბადება, და, თითქოს სხვა სამყაროში აღიზარდაო, ცხოვრების კანონებს იცნობს. ადამიანი კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე სრულყოფილი და პატივსაცემი არსებაა, ყოველგარი ინსტინქტისა და ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციების გარეშე იბადება. მასში თავმოყრილია ყველაფერი - ჭკუა, გონება, ნება, თავისუფლება, გრძნობა და შინაგანი ხედვა, რომლის წყალობითაც იგი აღემატება ცხოველურ საწყისს. ამ სახით იგი აღწევს შინაგან და გარეგან ერთიანობას და ამ გზით იქმნება პიროვნება.
მასში არსებული ეს განზრახვა და ეს ნიჭი, გახდეს მომავლის დიდი მოღვაწე, შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ სწავლებითა და აღზრდით. იგი შინაგანი დაკვირებითა და კონტროლით იღებს ფორმას. მისი ინსტინქტების ამარა დატოვება კი ნიშნავს, რომ სრულყოფილების გზაზე დამდგარი არსი ან არსთა ერთობლიობა ჩავაგდოთ ყველაზე რიგით, ყველაზე საცოდავ და საბრალო დღეში.
ლომს კლანჭები აქვს, ხარს – რქები, ძაღლს კბილები, ხოლო ადამიანი დაბადების შემდეგ თითონ ქმნის თავდაცვისა და თავდასხმის საშუალებებს.
მოიძიებს ყველაფერს, რაც ცხოვრებისთვის საჭიროა, განდევნის ყველაფერს, რაც საზიანოა, შორსმჭვრეტელობითა და ნიჭით, ნებითა და გონებით გამოიყენებს თავის მიერ შექმნილსა და ყოველივე ამით აშენებს ინდივიდუალურ და ადამიანურ სამყაროს... სიმშვიდით სავსე ადამიანურ სამყაროს... შემდეგ კი სულისა და აზრის სამყაროში შექმნილ ძეგლებს და განცდილ ღირებულებებს მომავალ თაობებს დაუტოვებს.
ასე მოიქცევა, რადგანაც მისთვის არ არის მთავარი მხოლოდ მისი აწმყო, რომელშიც იგი ცხოვრობს, მისთვის წარსულიცა და მომავალიც ცოცხალია და მისი არსებობის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაც მათ, ვინც წარსულიდან დღემდე ჩვენს აზროვნებასა და მეცნიერებას გაუწია სამსახური, პირადად არ უნახავთ საკუთარი ღვაწლისა და მცდელობის ნაყოფი, მიუხედავად ამისა, არ მობეზრებიათ ეს ღვაწლი და გულგრილი არ გამხდარან. ისინი კაცობრიობისთვის შრომობდნენ, იღვწოდნენ, მეცნიერებისა და კულტურის სახელით ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს დედამიწაზე შეუძლებელი იქნებოდა მეცნიერებასა და ცივილიზაციაზე საუბარი.
გარდა მეცნიერების, კულტურისა და ცივილიზაციის მემკვიდრეობისა სრულყოფილი და ღირსეული პიროვნებაც ადამიანური ღვაწლისა და გულმოდგინების ნაყოფია. მისი შესაძლებლობების განვითარება, ქცევების დაგეგმვა, სიკეთისა და ღირსებისკენ წარმართვა, ისევ მისი მსგავსის ხელით ხდება. მთელი ისტორიის მანძილზე ყოველი თაობისთვის მნიშვნელოვანია მომდევნო თაობის აღზრდა და ამას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს... ამის გათვალისწინებით, წინა თაობის ყველაზე დიდი საჩუქარი მომდევნო თაობისთვის კარგი აღზრდაა.
ადამიანის ცხოველური მიდრეკილებების გათვალისწინებით, აღზრდა ხელს უშლის ადამიანის ჩამოშორებას ჰუმანურობისგან. იგი განსაზღვრავს მოძრაობისა და მოქმედებების ზღვარს და უზრუნველყოფს, რომ ადამიანი არ დარჩეს უმეთვალყურეოდ და არ გადაგვარდეს. ამავე დროს აღზრდა განავითარებს ადამიანის თანდაყოლილ უნარებს და ხელს უწყობს ადამიანის სულში დაფარული პოტენციალის გამოაშკარავებას.
ადამიანში მუდამ არის სიკეთისა და სილამაზის მარცვალი. ბოროტებისა და სიმახინჯის მარცვალი არ არის. ვნება, ბრაზი და შურისძიება აღზრდას ემორჩილება. მაგრამ ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სილამაზე, რომელიც ყველაფერში ჩანს, აღზრდის ნაყოფია და ადამიანის ადამიანად დარჩენა კვლავ აღზრდას ემყარება. აღზრდას, რომელთანაც ვალშია გონების, ნებისა და აზროვნების ყველა ფუნქცია... განმასხვავებელი თავისებურება, რომელიც ადამიანს მის ცხოველურ საწყისზე აღამაღლებს, ავტონომიურობას ანიჭებს ბუნებისგან, რომელიც თავისი კანონებით ვითარდება, და მას “აბსოლუტურ, თავისუფალ და დამოუკიდებელ” არსთან აკავშირებს, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ადამიანი არის გონიერი არსება და მას აქვს ნება და შინაგანი მზერა.
ფილოსოფიური განმარტებით გონება “არის უნარი, რომელიც მოქმედებს კანონითა და პრინციპებით და, რომელსაც შეუძლია ზოგადიდან კერძოს განცალკევება”. ადამიანისა და ცხოველის არსს შორის განსხვავების საფუძველში სწორედ ეს მოქმედი გონება ჩანს, ეს არის ადამიანის მოდგმისთვის დამახასიათებელი სიკეთე.
გონება ის მთავარი მიზეზთაგანია, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს; თუმცა იგი ადამიანს ეძლევა არა დიდებული და სრულყოფილი ფორმით, არამედ მარტივი და ფარული სახით. ადამიანი იძულებულია განავითაროს სხვაობა მასა და ცხოველს შორის. გონება ზღვარია ადამიანის შინაგან და გარეგან სამყაროს შორის და სინდისთან შერწყმული სრულიად განსხვავებულ სახეს იღებს. მასთან შერწყმული სინდისი კი ხდება “გონება”, რომელიც პრაქტიკული მბრძანებელია და გვიჩვენებს მოქმედებასა და მიმართულებას. გონება ცნობიერებას იძენს და საკუთარი მოვალეობის მოხდის თვალსაზრისით ყველაზე მთავარი მიზანი, ყველაზე მაღალი იდეალი ალაჰის საიდუმლოს წვდომაა. გონება ან ცნობიერება, რომელიც ამ საიდუმლოს ჩასწვდება, სრულყოფილებას მიაღწევს და სულიერ ვალდებულებას დამორჩილდება.
ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, თავისუფლებაა. ანუ საკუთარი ქმედებების დამოუკიდებლად განსაზღვრა, აქტიური გონებით “ავტონომიურობის” მიღწევა. ამის წყალობით ადამიანი სულიერ და უსულო საგანთა - ბუნების მწვერვალს მიაღწევს; მოქმედებების გაკონტროლებისა და გათვლის უნარს შეიძენს. თუ თავს დავაღწევთ მათ შეხედულებებს, ვინც ადამიანს მანქანად მიიჩნევს და მის ნებას უარყოფს, ზედაპირულად და ბანალურად მოაზროვნე პოზიტივისტი და მატერიალისტი წრეების მსჯელობას, რომელიც არც არის სათვალავში ჩასაგდები, არ იმსახურებს ყურადღებას, თავისუფლებისა და ადამიანის ნების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი გახდება ზნეობასა და უზნეობაზე მსჯელობა.
გამოდის, რომ ადამიანში თავისუფალი და დამოუკიდებელი მიმართულების არსებობის აღიარება, იმ მიმართულებისა, რომელიც არ არის დადგენილი ბუნების კანონების მიერ და, რომელიც ზნეობრივ საფუძველს წამოადგენს, აუცილებელია იმისთვის, რომ მივმართოთ ამ სამყაროს, ხოლო შემდეგ კი შევასრულოთ ვალდებულება, რომელიც წილად გვხვდება ასეთი მიმართვის შედეგად, ასევე იმისთვის, რომ გარეგანი შთაგონებითა და შინაგანი დაკვირვებით შევძლოთ სიკეთესა და ბოროტების გარჩევა.
შემდეგ კი გარეგანი სამყაროს შეცნობა და სულიერი სამყაროს მიერ მისი შთანთქმა – როდესაც მნიშვნელობა სინათლის კონების სახით სინდისში აირეკლება - ახალ სარკმელს გახსნის შესაძლებლობების ზღვაში, და ადამიანი იგრძნობს ამაღლებას იმ ადგილიდან, იმ განზომილებიდან, სადაც იგი იმყოფება. გონების მოქმედების, ნების ურყეობისა და მზერის სიმტკიცის მიხედვით ამ გზაზე, რომელსაც შესაძლებელია ეწოდოს “ამაღლება”, ყოველი ადამიანი საუბრობს და ყოველი ადამიანი მას შეიგრძნობს, როგორც სამოთხის წყაროს წყლით სავსე ფიალას.
ამის მიღმა კი არის სიმაღლე, რომელსაც აღწევენ ყველაზე სრულყოფილი გონების, ყველაზე ურყევი ნებისა და ყველაზე ღრმა შინაგანი ჭვრეტისა და გემოვნების მქონე ადამიანები; ეს არის შემოქმედის უბადლო სილამაზის ჭვრეტა, შემოქმედისა, რომელმაც ჩვენ გვამცნო, რომ ჩვენს უკან ის არსებობს, ჩვენი ნების უკან მისი ნებაა, და ჩვენ ამ სიხარულს გვაზიარა.
საუკუნეების გამალობაში ადამიანი უცხო და გულგრილი იყო ამ ამაღლებული მოგზაურობის მიმართ. ჩვენი დიდი აღმზრდელების ვალია, იგი თავისი არსების საიდუმლოს აზიარონ, მის გონება განავითარონ და მის ნებას ბრწყნვალება შემატონ, გრძნობათა სამყარო დაწმინდონ და მეტაფიზიკასთან შეხება უზრუნველყონ.
კიდევ ერთხელ ვეხმიანებით და მოვუწოდებთ ჩვენს დიად აღმზრდელებს; თუ დააგვიანებთ ჩვენი თაობის აღზრდას, ჩვენი თაობისა, რომელიც მანქანებს შორის თვით მანქანად ქცეულა, ისტორიის წინაშე ამ გაკანიბალებისთვის პასუხი თქვენ მოგეთხოვებათ!
- შეიქმნა - ზე.