ოჯახი და მისი მნიშვნელობა
ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. კარგი ოჯახი თავის წევრებთან ერთად წარმოადგენს ერს, ვიწრო გაგებით. ბაბუა-ბებიისაგან, დედ-მამისაგან, და-ძმისაგან, ზოგჯერ მამიდისა და ბიძისაგან შემდგარი ოჯახი ორგანიზებული და ჰარმონიული საზოგადოებაა.
ამ პატარა ორგანიზმში ყვავდება და იფურჩქნება ყოველი საზოგადოების მომავალი თაობა. ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი, კარგი ქცევა ოჯახში ყალიბდება. დიახ, სწორედ რომ ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. ბაბუისადმი და ბებიისადმი კეთილგანწყობას, დედისა და მამის პატივისცემას, თანატოლებთან ჰუმანურ მოქცევას. სულგრძელი ადამიანი საზოგადოებაშიც ამ ამაღლებული თვისებებით დაიმკვიდრებს თავს. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. ზრდილობიანი ადამიანი მხოლოდ ორგანიზებულ და ჯანსაღ ოჯახში იზრდება. ამგვარ ოჯახში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღი ოჯახი კი ჰგავს იმ ქარხანას, რომელიც ზრდის ქვეყნის მტერს, აკეთებს ოჯახისა და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს.
ჯანსაღი და გაწონასწორებული ოჯახის თავისებურებებია:
1. დედ-მამა ერთმანეთის მიმართ მოვალეობის გრძნობით არის გამსჭვალული და მათი ურთიერთობები სრულ ჰარმონიაშია. თუ მშობლები ერთმანეთის მიმართ მხოლოდ კეთილ გრძნობებს ამჟღავნებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბავშვის აღზრდის გუდაში ობოლ მარგალიტს დებენ. როცა დრო მოვა, ბავშვი გუდას გახსნის, მარგალიტს ამოიღებს და შეაფასებს. მშობლების ყოველგვარი უხასიათობა თუ ჭირვეულობა ბავშვების უცოდველ გონებაზე აღიბეჭდება, როგორც შავი ლაქა, რომელიც მშობლებს უარყოფითად წარმოაჩენს და აკნინებს შვილების თვალში.
2. ოჯახის წევრები აუცილებლად ოჯახის უფროსის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და ის უნდა აღიარონ ავტორიტეტად ყველა საოჯახო საქმეში. ამგვარი საქციელი ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემას ოჯახის წევრებს შორის, ერთიანობასა და წესრიგს.
3. ოჯახის უფროსი ოჯახის ყველა წევრისა და განსაკუთრებით, პატარების მიმართ არის ალერსიანი, კეთილგანწყობილი, მათ სამსახურშია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი გაახაროს. ოჯახის უფროსი ვალდებულია თავისი მოვალეობანი შეასრულოს, ოჯახის წევრები მის მიმართ კეთილად განაწყოს. ეს მას, როგორც ოჯახის უფროსს, საქმეებს გაუადვილებს.
4. მამამ ტრადიციებისა და ადათის მიხედვით და შესაძლებლობების ფარგლებში, ოჯახის წევრებს საჩუქრები უნდა უყიდოს და თუ ამას ვერ ახერხებს, უნდა აუხსნას ამის მიზეზი ისე, რომ ოჯახის წევრებში რაიმე ეჭვი არ გააჩინოს. თორემ ეჭვს აქვს გაზვიადების უნარი და შეიძლება ოჯახის ზოგიერთი წევრი ამ განუკურნებელი სენით დაავადდეს.
5. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოჯახის უფროსი მეუღლესა და ბავშვებს დაეხმაროს საოჯახო საქმეებში. რა თქმა უნდა, ეს საკუთარი საქმეების მიღმა ზედმეტი გარჯაა, მაგრამ ბავშვებისთვის, რომლებიც პერსპექტივაში ოჯახს შექმნიან, მაგალითის მიცემის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
6. ოჯახის წევრები ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ. ამგვარი საქციელი ნებით თუ უნებურად ბავშვებზეც ახდენს გავლენას და განაპირობებს, რომ მათი ურთიერთობები ოჯახის მიღმა იყოს მაღალი დონის. ამის გარდა, როცა დრო მოვა და ისინიც შექმნიან ოჯახებს, ეცდებიან ერთმანეთის მიმართ თავაზიანი და ზრდილობიანი იყვნენ. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გულსა და სულში თუ სიკეთე დაილექა, მერე რომც ეცადოს ცხოვრებაში ცუდის გაკეთებას, მაინც ვერ გააკეთებს.
7. დედ-მამის მიერ თავისი მშობლებისადმი მიგებული პატივი ბავშვებისთვისაც ზრდილობის დიდი გაკვეთილი იქნება. თანამედროვე ოჯახი ბაბუას და ბებიას რაკი არ ითვალისწინებს, ამიტომ დღევანდელი ბავშვები ამ თვალსაზრისით უიღბლოდ შეიძლება ჩაითვალონ.
კარგი იქნებოდა, რომ დღეს ბებიები და ბაბუები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. ამით ბებიებს და ბაბუებს მივცემდით იმის საშუალებას, რომ შვილიშვილები ყვარებოდათ, ჩვენ კი მშობლების სამსახურში ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ერთ მხარეს არიან ბებიები და ბაბუები, რომელთაც სჭირდებათ მოვლა-პატრონობა და მოწყურებულნი არიან ბავშვების სიყვარულს. მეორე მხრივ კი, გამოუცდელი მამები, რომლებიც ცდილობენ, რომ ცხოვრების მთელი სიმძიმე საკუთარ მხრებზე აიღონ და საბრალო ბავშვები, რომლებიც განწირულნი არიან უყურადღებობისათვის. აქ კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახის სანდოობა და მყუდროება დამოკიდებულია იმ გრძნობებზე, რომლებიც ოჯახში ტრიალებს. დიდებს უნდა უყვარდეთ და გულისხმიერებას იჩენდნენ, პატარები კი მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ. თუ დედ-მამას უყვარს და გულისხმიერია შვილების მიმართ, მაშინ ბავშვებს უფრო მეტად აქვთ გააზრებული თავიანთი მოვალეობანი და ცდილობენ მშობლების მიმართ თავაზიანი იყვნენ.
ადამიანში მოვალეობის გრძნობის განვითარება ხანგრძლივ წრვთნასთან არის დაკავშირებული. ბავშვმა 50-ჯერ მაინც უნდა ნახოს, თუ როგორ უნდა მორჩილება და პატივისცემა მშობლისადმი, იმისათვის რომ გაიგოს, გადახარშოს და განიცადოს. თორემ მარტო შთაგონებით სასურველი შედეგის მიღება ძალიან ძნელია, ზოგჯერ კი თითქმის შეუძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ საკუთარ მშობლებთან იცხოვრო და თუ ცხოვრობ მათთან, ასევე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ ასე გაგრძელდეს. დღევანდელი ცხოვრების პირობები ოჯახის წევრებს აიძულებს ცალ-ცალკე იცხოვრონ. ეს კი ერთგვარი დაბრკოლებაა იმისა, რომ სასურველი სტილის ოჯახი შექმნა და არსებობა შეუნარჩუნო.
ყველაფერი ეს, ერთი შეხედვით, სინამდვილეში რომ იყოს, არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ იდეალური ოჯახის შექმნა შეუძლებელი იყოს.
წელიწადი გარკვეულ სეზონებად იყოფა. რატომ არ შეიძლება, რომ თითოეული სეზონი მივუძღვნათ ოჯახის ერთ-ერთ წევრს და მასთან გავატაროთ. ეს სავსებით შესაძლებელია.
ბავშვის გამოსაკვებად და მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყველაფერი კანონიერი, უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც ბავშვი ოჯახში ვერ პოულობს, იმის ძებნას ქუჩაში დაიწყებს. ეს კი ოჯახის უფროსის საქმეებს გაართულებს. სირთულე კი იმ შედეგებს დაბადებს, რომ ბავშვს ხელში ვეღარ დაიჭერს. ერთი წუთით დაფიქრდით, ბავშვი სახლში ვერ კმაყოფილდება, მამამისი კი იმისათვის, რომ ბავშვი ხელიდან არ დაუსხლტეს, იძულებულია, რომ ქუჩას ებრძოლოს. იგი სინანულით იტყვის, ნეტავი ყველაფერი, რაც საჭიროა ბავშვის ჭკუაში ჩასაგდებად და ადამიანად საქცევად სახლში გადაგვეწყვიტა და იძულებული არ გავმხდარიყავით ქუჩა-ქუჩა გვერბინა მის უკან.
8. ოჯახში ყოველგვარი საქმე და განსაკუთრებით, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული საქმეები ჯერ უნდა დარეგულირდეს, შემდეგ კი გარკვეული გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია:
ა) დაწოლა-ადგომისა და სმა-ჭამის რეჟიმის მოწესრიგება;
ბ) სწავლის, ფიქრის, მუშაობის და ბავშვებთან ყოფნის საათების დარეგულირება;
ც) ბავშვის მიერ სასწავლებელში, ქუჩაში და მეგობრებთან გატარებული დროის კონტროლი და იმ ვითარების შესწავლა, სადაც მოზარდი იმყოფება.
ოჯახში, სადაც არ არის მოწესრიგებული საკვების მიღების დრო, შეუძლებელია საუბარი ნაყოფიერ მუშაობაზე, დასვენებაზე და ჯანმრთელობაზე. დიახ, იმ ოჯახში, სადაც ოჯახის წევრები თავის დროზე არ წვებიან და არ დგებიან, იმის გამო, რომ დასვენების და შრომის საათები არეულია, დასვენებაც და მუშაობაც უნაყოფო და უშედეგოა. შეუძლებელია რაიმე აკეთო იმ ოჯახში, სადაც ერთის დასვენების საათს მეორე, მეორეს მუშაობის საათს მესამე უგულებელყოფს.
ამ თვალსაზრისით აუცილებელია ბავშვების შესაბამის დროს დაძინება, შესაბამის დროს გარეთ გაყვანა, და ყოველ დღე მათთვის განკუთვნილ საათებში მათ გვერდით ყოფნა და მათ აღზრდაზე ზრუნვა.
იმისათვის, რომ წარმატებული იყოთ ამ საქმეში, ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის მათ მიმართ სიყვარულით, დისციპლინითა და პრინციპულად მიდგომა. ეს გზა არის ადამიანებისადმი მიმართული ღვთიური, ზნეობრივი და ბუნებრივი გზა.
შედეგად, მშობლები, რომლებიც ამ გზას ადგანან არიან მშვიდნი და საიმედონი. საზოგადოება კი _ ბედნიერი, წყნარი, მშვიდი და სათნო.
- შეიქმნა - ზე.